ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, მიდის ქართული ოცნება იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან მაკროფინანსურ დახმარებას არ მიიღებს.

"ფინანსური დატვირთვა პრაქტიკულად აღარ აქვს აღარ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ არის 75 მილიონი ევროს კრედიტი და მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება არის განსხვავებული და პროგნოზირებულთან შედარებით, დაახლოებით დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა ბიუჯეტში, გამომდინარე იქედან, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 12,7% იყო პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი, მაშინ, როდესაც პროგნოზი ამის ნახევარიც არ იყო. ანუ, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს", — აცხადებს კობახიძე.

დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, სანქციებზე საუბარი არის "ცარიელი სპეკულაცია".

24 აგვისტოს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".