ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ მმართველი პარტია კარგავს ევროკავშირის ნდობას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის არაღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ არის მზად იმ პირობების შესასრულებლად, რომლებიც დახმარების მისაღებად არის საჭირო.

"მმართველი პარტია კარგავს ნდობას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, პარტნიორებს შორის, იმიტომ რომ რეფორმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ ხდება იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში მომწიფებულია და ევროკავშირის შიგნით ჩვენ ძალზედ შეშფოთებული ვართ, მაგრამ მე ვენდობი ქართველ ხალხს, რომელიც ძალზედ პროევროპულია. მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც მიიღწვის ევროკავშირისკენ", — განაცახადა კუბილიუსმა ფორმულას ეთერში.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს".

ამასთანავე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

24 აგვისტოს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".