ექსპრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც ძაან კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება", — თქვა მან.

გახარიას აზრითვე, თბილისს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი, სუფთა გარემო, ამასთან, "დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი" და სჭირდება მეგაპროექტები.

ექსპრემიერის განცხადებით, ისინი კონკრეტულ გეგმას შესთავაზებენ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს დედაქალაქი "პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში". მისივე თქმით, ამისთვის, მათ უაღრესად სწრაფად შეუძლიათ სატრანსპორტო კვანძებით დააკავშირონ ერთმანეთთან თბილისი, ლილო, რუსთავი, ასევე, განავითარონ მეტრო.

დღესვე, მან თბილისის საკრებულოს წევრობისა და საქართველოს სხვა ქალაქების მერობის კანდიდატები წარადგინა.