ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "კახი კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა". ამასთან, მდინარაძე საუბრობს გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც მისი თქმით, დღეს შედგა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა "კალაძის ღიმილი" სწორედ ამ კონტექსტში ახსენა. მისივე თქმით, შეხვედრაზე გარკვეული მინიშნებები იყო, რომლებზეც, სავარაუდოდ, გახარიამ, მისთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო.

"რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ცნობილი იყო კომუნიკაციის მცდელობები წინა დღეების განმავლობაში. დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახი კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული.

იყო შეხვედრის დროს გარკვეული მინიშნებები, რომლებზეც მისთვის სასურველი პასუხები ვერ მიიღო. ჩვენთვის სულერთია ის დააყენებს თუ არა კანდიდატურას, ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში, მისი მცდელობის მიუხედავად, არ შევალთ, იმიტომ, რომ საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი და იმაზე, რა მინიშნებებიც იყო, ისედაც არ შეიძლება არავისთან საუბარი. ახლა რაც არ უნდა ბოდიშით დაიწყოს, რაც არ უნდა თავი მოიკატუნოს, რაც უნდა ის ქნას, კახი კალაძე მოიგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში და ამისი სტიმული, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა პატარა, მაგრამ მაინც, არის გახარიას დღევანდელი უღირსი გადაწყვეტილება, რომლითაც მხოლოდ ის ფიქრობს, რომ მეორე ტურში გადაიყვანს ნიკა მელიას, რომლისთვისაც ასე გაისარჯა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", — აცხადებს მდინარაძე.

მან დღეს შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, "რამდენჯერ დაურეკა, რამდენი SMS მისწერა" და მთავარია, რომ გახარიამ ვერ მიიღო "მისთვის სასურველი პასუხი იმიტომ, რომ გუნდის მოღალატესთან საქმეს არავინ დაიჭერს, თან ისეთ თემებზე, რომელზეც არავისთან დავიჭერთ საქმეს, არათუ გახარიასთან".

დღეს, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამან მისი ყოფილი თანაგუნდელების მორიგი კრიტიკა გამოიწვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას", ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო და "მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში".