ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ამის შესახებ ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას და ქართველ ხალხს დააზიანებს", — განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და ქართული ოცნების ბოლო განცხადებები არის ღია პოლიტიკური განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და სწორედ ეს გახდა მათთვის ბიძგი, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ. მელიამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააახლოებს და შეკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

"მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ჩვენ აქამდე ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში, ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას", — თქვა მელიამ.

მისივე თქმით, არ მისცემენ ქართულ ოცნებას უფლებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მან ამომრჩეველს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ნებისმიერი, 41-ის გარდა.