ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება მუშაობს კორონავირუსის მართვის დეცენტრალიზაციას. კონკრეტულად, გაბუნიამ ოჯახის ექიმების როლზე ამ პროცესში.

"ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. თუ ახლა არის გარკვეული რაოდენობა პირველადი ჯანდაცვის კლინიკების ჩართული, სამომავლოდ მუშავდება მოდელი, როდესაც უკვე თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოსახლეობის მართვას უზრუნველყოფს. ანუ, კოვიდპაციენტი მიიღებს სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან.

თუ რაიმე მიზეზის გამო მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება 1522-ის ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ან ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ეს მოდელი ოჯახის ექიმს კოვიდპაციენტთან კომუნიკაციას გაუადვილებს. გაბუნიას განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა მცირე მასშტაბით გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მუშაობდა და ახლა სისტემა მზადაა, რომ ამ პროცესში ყველა ოჯახის ექიმი ჩართოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ოჯახის ექიმები როლი მნიშვნელოვანია ლეტალური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

"ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის დროული მომართვიანობა კლინიკაში. პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნები არის სახეზე, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება კლინიკაში", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რგოლს სხვადასხვა დროს 40-დან 50 ათასამდე კოვიდპაციენტის მართვა უწევდა, რაც დიდი დატვირთვა იყო მათთვის. გაბუნიას თქმით, ახლა, ონლაინ-კლინიკების ხარჯზე მდგომარეობა შედარებით შემსუბუქებულია, რაც იძლევა საშუალებას შემუშავდეს მართვის ახალი მოდელი.

გაიგე მეტი: