მოძრაობა სირცხვილიამ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ სამოქალაქო საარჩევნო კომისია დააფუძნეს. მათი განმარტებით, კომისია წინასაარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს და ალტერნატიული დათვლის შედეგებს გაავრცელებს, რისი მიზანიც საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაა.

აქტივისტებმა ასევე წარადგინეს ვებგვერდი cec.org.ge, სადაც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, აიტვირთება არჩევნების ოქმები და შედეგები, რაც ონლაინ რეჟიმში ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.

"2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება, არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება, არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის", — განაცხადა მოძრაობა სირცხვილიას წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა.

გარდა ამისა, აქტივისტები განმარტავენ, რომ ვებგვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს მოქალაქეების ჩართულობით აიტვირთება ფოტო/ვიდეო მასალა, რომლებზეც ასახულია საარჩევნო დარღვევები და რომლებსაც დაერთვება კვალიფიციური ექსპერტების განმარტებები.