ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გაბრაზებული პრემიერმინისტრი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილში მომუშავე ათიათასობით ადამიანს ბოტებისა და ტროლების ენით ელაპარაკება.

"პრემიერის დღევანდელი კომუნიკაცია მედიასთან, საკუთარ ტყუილებში დაკარგული, პატარა კაცის ნაბოდვარს ჰგავდა, რომელიც ტყუილში ამხილეს და გაბოროტდა. მაინც ვერ თქვა, რომელია სიმართლე 7000 თუ 10000 დაგებული გზა. ტყუილში გამოჭერილმა ქვეყნის პრემიერმა დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ სისტემაზე, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა შექმნა და არაერთხელ გადაარჩინა, მასში მომუშავე ათიათასობით ადამიანზე ბოტების და ტროლების ენით ილაპარაკა", — ამბობს ხაზარაძე.

ლელოს ლიდერის შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ოცნებას დაამთავრებს. ხაზარაძის განცხადებით, ქართული ოცნების პრემიერმინისტრს უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო პასუხის გაცემა მოუწევს.

"დღეს ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ "ქოცების" ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას. საქართველოს პრემიერმინისტრმა, დღეს პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია. ამ პრემიერმინისტრად წოდებულ ივანიშვილის მარიონეტს მისი უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. დღევანდელ პრემიერს და ოცნების ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ანაკლიის პროექტის ჩაგდების და საქართველოს მომავლის მოსპობის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ქართველი ხალხის ინტერესების ღალატისა და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის მცდელობის გამო. 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მორჩება ოცნებას, ღარიბაშვილს, ივანიშვილს და ჩვენ ყველა საქართველოს ახალი მომავლის შენებას დავიწყებთ!", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.