ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა On-ge-ს განუცხადა, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. ის კლინიკაში პირველი სექტემბრიდან მკურნალობდა. მოზარდი გუშინ, 5 სექტემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა.

"ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, ნაოპერაციები იყო, ჰიდროცეფალია ჰქონდა, ჰემოპარეზი, ჭარბწონიანობა", — აცხადებს რეხვიაშვილი.

სექტემბრის ექვს დღეში საქართველოში კორონავირუსით 459 ადამიანი გარდაიცვალა. აგვისტოს თვეში Covid-19-ს 1588 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ივნისისა და ივლისის თვეში ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობას აღემატება.

6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 905, ხოლო გარდაიცვალა — 61 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით.