Apple წლის ბოლოს iOS 15-ის გამოსაშვებად ემზადება. კომპანია ახალი ოპერაციული სისტემის გაშვებას ბევრ სმარტფონზე გეგმავს და მათ შორის iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus-ზეც. ამით, Apple გახდება ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც შვიდი წლის სმარტფონს განაახლებს. მაგალითისთვის, ანდროიდების შემთხვევაში, მწარმოებლები მხოლოდ 3 წლიან სისტემურ და 4 წლიან უსაფრთხოების განახლებებს გვთავაზობენ.

ამ სხვაობის შესავსებად, ევროკავშირმა წლის დასაწყისში ახალი რეგულაცია წარადგინა, რომელიც სმარტფონების ყველა მწარმოებელს განახლებების 5 წლიან მიწოდებას ავალდებულებს

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ახალი დადგენილება ჯერ ძალაში არ შესულა, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დააანონსა, რომ მათ ამ რიცხვის გაზრდა კიდევ ორი წლით სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში სმარტფონთა მწარმოებლებს უსაფრთხოების განახლებების გაშვება 7 წლით მოუწევთ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა გეგმავს მიიღოს უფრო მკაცრი რეგულაციები მწარმოებლებთან მიმართებით, რაც მათ დაავალდებულებთ მიაწოდონ უსაფრთხოების განახლებები ყველას, 7 წლის განმავლობაში და ამავდროულად გამოუშვან ამ სმარტფონების შესაკეთებლად განკუთვნილი ნაწილებიც ისე, რომ მათი ფასი დროთა განმავლობაში არ გაიზარდოს.