ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ 1%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

"1%-ც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება — ეს ერთი, მეორე — სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, მესამე — ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, თავის დროზე იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად, იმაზე უკეთესად ვიდრე დღეს ემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის", — განაცხადა მან პარლამენტში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.