ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლო პროცესზე მივიდა, რადგან საბოლოოდ დასრულდეს სპეკულაციები და თქვას, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ამნისტიის მიღება დაადასტურებს, რომ თითქოს ის სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რაც სიცრუეა. მისივე თქმით, ეს პროცესი პოლიტიკური მასკარადია, რომელში მონაწილეობასაც არ აპირებს.

"ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს. ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დასრულდეს ერთხელ და სამუდამოოდ. სპეციალურად მოვედი იმისთვის, რომ საბოლოო პასუხი ვთქვა — არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას მოწყალებას ვთხოვ, რომ ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე სხვა ყველაფერი", — თქვა მელიამ.

ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილლის თქმით, ამნისტიასთან დაკავშირებით მელიას პოზიციის დაფიქსირების საკითხი უპეცედენტო შემთხვევაა და კანონში სპეციალურად მელიაზე მორგებული რეგულაციაა, რაც "ოცნების" პოლიტიკურ ნებას ააშკარავებს და არა მელიას ბრალეულობას.

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის ქართული ოცნების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ან მსჯავრდებულია.

ამნისტია 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. ნიკა მელია ამის წინააღმდეგი იყო.

მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.

ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.