საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს მერობის კანდიდატი თიანეთშიც წარადგინა, სადაც სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს დაუთმო. ირაკლი ღარიბაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის შეურაცხყოფის მიზნით, მათი მისამართით გამოიყენა სიტყვები: "ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები". პრემიერმინისტრის ეს ფრაზა აძლიერებს სტიგმას და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დამამცირებლად, არასრულფასოვნად წარმოაჩენს. მან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ძალადობაში დაადანაშაულა და სწორედ ამასთან კავშირში გამოიყენა "ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები", რაც ასევე აძლიერებს ცრუ მოსაზრებას, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მოძალადეები და საშიშები არიან.

"რა ვითარება იყო ციხეებში თუნდაც, როგორ ექცეოდნენ, როგორ უღირსად იქცეოდნენ თავად ეს მჩაგვრელი, პატარა კაცები. როგორ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, საკუთარ თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს, ჩაგრავდნენ 24 საათის განმავლობაში — ცემა, შეურაცხყოფა, გაუპატიურება, დაჩაგვრა ადამიანების, ოჯახებს უნადგურებდნენ პირდაპირი მნიშვნელობით. აღარაფერს ვამბობ, რომ ბიზნესები იყო დატერორებული და ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ ღებულობდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი ეს მსახვრალი, მჩაგვრელი ხელი ყველას და ყველაფერს შეეხო და გაუსაძლისი იყო ქვეყანაში ცხოვრება და ისიც კარგად ვიცით, რომ, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, დღესაც ეს მჩაგვრელი, უნდა ითქვას პირდაპირ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები იქნებოდნენ ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეში", — განაცხადა მან.

დღესვე, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი, რაღაც 20-25% არის ჯერ კიდევ შეცდენილი" და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.