თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა და მეწყრული პროცესები მის მიმდებარედ არ შეინიშნება. ის აცხადებს, რომ შესაძლო მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება.

"მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიდის, იმასთან დაკავშირებით, რომ მაჭავარიანის ქუჩასთან, რომელიც ჩვენ გავხსენით რამდენიმე დღის წინ, თითქოს ისევ მეწყერი ჩამოწვა და თითქოს პრობლემას წარმოადგენს. არ დაუჯეროთ მეგობრებო, ეს არის ტყუილი ინფორმაცია და ცდილობენ, რომ საზოგადოება მოატყუონ, შეცდომაში შეიყვანონ. არანაირი საფრთხე მაჭავარიანის ქუჩას არ აქვს. ის არის უსაფრთხო გზა, შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადაადგილება. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", — განაცხადა კახა კალაძემ.

საქმე ეხება ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზის მშენებლობის პარალელურად, ფერდი, რომელზეც ეს მშენებლობა მიმდინარეობს თანდათან იშლება. კადრებში, რომელიც ტელევიზიამ გადაიღო ჩანს, რომ ფერდობის მთელ სიგრძეზე ნაპრალებია გაჩენილი. ადგილზე მომუშავე გეოლოგმა, ზურაბ ცომაიამ დაადასტურა, რომ ისინი ბოლო ერთი კვირაა, რაც გაჩნდა. ცომაიასვე თქმით, წვიმების სეზონმა შესაძლოა ისინი კიდევ უფრო გააფართოვოს. ჩნდება კითხვა, მეწყრული პროცესები, რომლებიც ამ ფერდობზე ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ გაჩნდა, ხომ არ დააჩქარა ახალი გზის მშენებლობამ?

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ გზის მშენებლობა მალე დასრულდება და ის იქნება "ძალიან მაგარი". რაც შეეხება შესაძლო მეწყრულ პროცესებს ამ მონაკვეთზე, კალაძემ ამბობს, რომ ეს "სიახლე არ არის" და ამაზე დიდი ხანია მუშაობენ.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ ახალი გზა გაგვყავს. ეს არის მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ბეტონის გზა იქნება, ძალიან მაგარი, თავისი განათებებით, ყველაფრით, რაც სჭირდება საგზაო ინფრასტრუქტურას. იქ გვაქვს სამი კონკრეტული მონაკვეთი, რომელზეც არის მეწყერი. ეს, რა თქმა უნდა, სიახლე არ არის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ეს გზაც დასრულებული იქნება", — განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, ახალი გზის მშენებლობა ვაშლიჯვრის ფერდის ერთი ნაწილზე ახალი ბზარების გაჩენის პარალელურად მიმდინარეობს.

გაიგე მეტი: