პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან მზადდებოდა პროვოკაცია დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, ამიტომ აპირებს, რომ ნარკოტესტი ჩაიტაროს საერთაშორისო ლაბორატორიაში, რისი პასუხიც იქნება საჯარო.

"ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა ოცნების ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს ჩვენ გუნდთან ერთად თათბირის შემდგომ, დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ვიცით, ეს ინფორმაცია, ამ ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება საჯარო", — განაცხადა გახარიამ.

მან კიდევ თბილისის მერობის კანდიდატებს დებატებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"მე არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ იმ ნაბიჯის შემდგომ, რომელსაც მე გადავდგამ, თუმცა ვთვლი ჩემს თავს ვალდებულად თითოეულ ჩემს ოპონენტს მოვუწოდო, მეგობრებო, ახლა მაინც გვეყოს პასუხისმგებლობა და დავსხდეთ დებატებში, ერთი ერთზე, პირისპირ, ნებისმიერ ფორმატში თქვენსავე ტელევიზიებში", — ამბობს გახარია.

კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიისას ნარკოტესტი ჩააბარა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. ამის შემდეგ, მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით "საინტერესო ინფორმაციის განდობა" დააანონსა.

გაიგე მეტი: