მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თეო გილიგაშვილის ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმების წინასწარი შეფასებით ოპერატორს ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული.

ჟურნალისტი ბექა ყორშია აცხადებს, რომ ქარელში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, ზაზა ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად ჩავიდნენ, შტაბის წევრები კი მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ.

"ყველაზე სიგიჟე ის იყო, რომ თვითონ ქართული ოცნების წევრებმა, ვინც შტაბში იმყოფებოდნენ, არ გვითხრეს მისამართი, რომ სასწრაფოსთვის გვეთქვა, სად ვიყავით [...] ათამდე ადამიანი იდგა და ვეხვეწებოდი, რომ ეთქვათ. ბოლოს [სასწრაფოს] ვუთხარი, რომ რაღაცის წინ არის, იმის გვერდით არის და ასე შევეცადე ამეხსნა", — იხსენებს ინციდენტის დეტალებს ჟურნალისტი ბექა ყორშია.

On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც კითხვებზე პასუხის მიღებას ველოდებით. დამატებით დეტალებს უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.

ჩვენ დავუკავშირდით ქართული ოცნების პრესსამსახურსაც, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.