გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიის ჩატარებული სამუშაოების შედეგად იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა და "ცხედრის ნაწილები გაიბნა". ფაილებში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს არ სურდა, ამის შესახებ მედიისა და საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი.

[24.04.19, 14:53:06]: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

ფაილში ასევე ვკითხულობთ, რომ მომხდარზე ინფორმირებული იყო პატრიარქი ილია მეორე და სწორედ მისი დავალებით მიმდინარეობდა ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც დაკრძალვა და პანაშვილი იყო დაგეგმილი.

ეს ინფორმაცია გვხვდება დოკუმენტში, რომელშიც სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაა ასახული. ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა, სასულიერო პირმა და ჟურნალისტმა საკუთარი საუბრის ჩანაწერები ამოიცნო.

იმის გასარკვევად, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს შემთხვევა და რა სახის სამუშაოები გატარდა, On.ge კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მერიას დაუკავშირდა. ორივე უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ. თბილისის მერიის განხადებით, აღნიშნულზე კომენტარს მოგვიანებით ქალაქის მერი გააკეთებს.