ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა.

"სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები: ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერდიაკვანი პეტრე), მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი), ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი), თამაზ ხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი), ბათა ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი). ეს არის ის ბრძანება, რომლითაც ეს ადამიანები სრულიად გათავისუფლდნენ, რაც დიდი ხანია უნდათ, სასულიერო წოდებიდან", — განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

მისივე მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიუღია და ეცადა, თუმცა მას არ უსმენდნენ.

"მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად და გაუფრთხილებლად, ძალიან ბევრს ვეცადე და უამრავჯერ მქონდა პირადად ურთიერთობის შესაძლებლობაც და არ მისმენდნენ", — ამბობს მეუფე.

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა. 2021 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებდა. ეპარქიაში დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.

8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა და მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის აივნის მოაჯირი დაინგრა და 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.