აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში აშენდება ახალი ხელოვნური კუნძული. რიჟვაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

"ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ უკვე ძალიან სიღრმისეულ კვლევებს [...]

იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი, თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მათ შორის, მსოფლიო პროგრესს კიდევ უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და უკვე ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა. ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები", — განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ იმედის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვას, ეს იქნება თუ არა ისეთი ხელოვნური კუნძული, როგორიც დუბაიშია, რიჟვაძემ ასე უპასუხა:

"დაახლოებით მსგავსი. იქნება მოწვეული საერთაშორისო არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები და როგორ კი ამ კონკრეტული პროექტის ტენქიკურ-ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მშენებლობაც".

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.