კომპანია ალმა, რომელმაც "სისხლიან" ბანერებს სივრცე დაუთმო, მათ შინაარსს მიუღებელს უწოდებს. ამის მიუხედავად, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ბანერების ვიზუალზე. ალმაში აცხადებენ, რო მათი ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ალმამ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართეს. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სატურიანის განცხადებით, დაწყებულია მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს". დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.

ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

თავდაპირველად, წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.

24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" კვლავ გამოჩნდა, თუმცა, ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.