საქართველოში ამერიკული შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ ძალადობრივ და "როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ" თავდასხმებს გმობს. ასე ეხმაურება საელჩო გუშინ, 21 სექტემბერს დმანისში მომხდარ ინციდენტს.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე.

"აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს. ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე", — წერია საელჩოს განცხადებაში.

დღეს, 22 სექტემბერს დაჭრის ბრალდებით ქართული ოცნების კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 21 სექტემბერს დანით სახის არეში დაზიანებები მიაყენა ენმ-ს მხარდამჭერებს.

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა მიხეილ დაუთაშვილის შვილი მომხდარში გუშინვე დაადანაშაულა, თუმცა მაშინ "ოცნების" კანდიდატმა მისი შვილის ადგილზე ყოფნა უარყო. თუმცა შვილის დაკავების შემდეგ ის ამტკიცებს, რომ დაპირისპირება კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებმა გამოიწვიეს და "პროვოკაციაზე წამოაგეს". დაუთაშვილის თქმით, შვილმა დაინახა, რომ მამას ურტყამდნენ და აფექტის მდგომარებაში მოიქცა ასე. მისივე თქმით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა, შსს-ს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ენმ-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა. თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი, რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო".

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: