ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არანაირი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს და თუ ევროკავშირის წევრები გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს დასვამენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ, რადგან ფაილები მათი პასუხისმგებლობაა.

"ოჰ, ოჰ, ოჰ... რაის დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი? არავითარი დიპლომატიური სკანდალი.

რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციას და მერე ვინც აქვეყნებს ამას, ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ მათ კითხონ", — განაცხადა კობახიძემ.

ამის შესახებ კობახიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი დატოვა, სადაც ელჩებს ხვდებოდა. მისი მტკიცებით, საუბარი წინასაარჩევნო თემებს შეეხო.

გუშინ, 22 სექტემბერს, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ისეთი პარტნიორი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის საქმიანობას მათ წინააღმდეგ ბუნებრივად არ მიაჩნიათ. მისივე თქმით, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად იღებენ, რადგან ეს აჩენს კითხვებს, ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით.

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს".