წელს ბიოგრაფიული ფილმების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით, თუმცა, რამდენიმე მათგანს მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება. მათ შორისაა ამერიკელი მუსიკოსის, კანიე ვესტის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი Jeen-Yuhs, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ ნეტფლიქსზე.

მანამდე კი, უკვე შეგვიძლია, ფილმის პირველი თიზერი ვნახოთ, რომელშიც ახალგაზრდა კანიე და მოს დეფი ერთად რეპავენ სიმღერას Two Words ვესტის 2004 წლის ალბომიდან The College Dropout.

ფილმი, რომლის რეჟისორებიც ქუდი სიმონსი და ჩაიკ ოზა არიან, სამმოქმედებიანი ნამუშევარია და ვესტის 20-წლიან კარიერულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მასში ნაჩვენები კულუარული სცენებით ვიგებთ, როგორ იქცა კანიე მუსიკოსიდან ბიზნესმენად, ბოლოს კი, გლობალურ ბრენდად. როგორც ვიცით, ფილმში ასახული იქნება 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი წარუმატებელი ბრძოლისა და დედის, დონდა ვესტის, გარდაცვალების ეპიზოდებიც.

სხვათა შორის, დონდა, კანიე ვესტის უახლესი ალბომის სახელიცაა, რომელიც აგვისტოს ბოლოს გამოვიდა და ამით ფანების ხანგრძლივი მოლოდინიც დაასრულა. მუსიკოსის რიგით მეათე სტუდიურმა ალბომმა ახალი რეკორდი დაამყარა — პირველ 24 საათში, 152 ქვეყანაში Apple Music-ის საუკეთესო ალბომის ჩარტების სათავეში მოექცა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გამოშვებიდან პირველივე დღეს დონდას მხოლოდ აშშ-ში 60 მილიონჯერ მოუსმინეს.

წლის დასაწყისში კანიემ თავის კარიერაში გრემის 22-ე ჯილდოს მიღებაც შეძლო ალბომისათვის Jesus Is King.

რაც შეეხება ვესტის ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორებს, მათ უკვე უთანამშრომლიათ მუსიკოსთან — წყვილმა კანიეს ორი სიმღერის ვიდეოკლიპი გადაიღო.

Jeen-Yuhs-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.