საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

"ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, 4 ოქტომბერს უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით", — განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სკოლებში დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი იმისთვის, რომ იქ ჯანსაღი გარემო იყოს. მან, განსაკუთრებით, მოუწოდა მშობლებს, რომ აიცრან. ამასთან, 4 ოქტომბრიდან მშობლებს შეეძლებათ, სურვილისამებრ აირჩიონ, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს თუ საკლასო ოთახებში.

"მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისათვის აუცილებელია, რომ ინტესნიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში", — აღნიშნა მან.

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებმა, ასევე პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს. ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.