დღეს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია On.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

"მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია წარმოდგენილი იქნება დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებით, სადაც მსჯელობა გაიმართება სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებზე", — აღნიშნა მან.

ზალკალიანის ცნობითვე, შეხვედრების დროს საუბარი შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურას.