ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა უკრაინაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

"ის იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში და რა სიმბოლურია "ტრუს-კავეცი", მისივე ენაზე რომ იმყოფება ეს ადამიანი. ღამე ვითომ ვიდეოს რომ დებდა ბათუმიდან, სასტუმრო რიქსოსში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ შეიძლება დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება და კიდევ ერთხელ ამ კაცმა დაამთავარა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ", — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოშია. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა,

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ამავე თემაზე: