პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, ბრიფინგზე პროკურატურამ ისაუბრა იმ საქმეებზე, რომელზეც საკაშვილს განაჩენი აქვს გამოტანილი და იმათზეც, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილიო გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია ტელეიმედის დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარაკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 240 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში", — განაცხადა პროკურორმა, რის შემდეგაც სამივე საქმე დეტალურად მიმოიხილა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.

აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.