უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დატვიტა.

"მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების შესახებ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია ასეთი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ", — წერს ის ტვიტერზე.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია ამ ინფორმაციით.

"უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს უკრაინის მოქალაქესთან მიმართებაში ასეთი ნაბიჯის გარემოებები და მიზეზები. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია დაკავების შესახებ, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს მიაწოდონ ყველა საჭირო დახმარება", — წერს ის.

მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ პრემიერმინისტრმა გაავრცელა. ბრიფინგზე მას თან ახლდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მათ არც განცხადება გაუკეთებიათ და არც კითხვებზე უპასუხიათ.

აღსანიშნია, რომ ამ ბრიფინგამდე, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იტყუება და ის არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაშია, შსს კი აცხადებდა, რომ მას არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake. მის პასუხად სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა.