პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით — 41-ნომრიანი პირბადით მივიდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ხმა კახა კალაძესა და ქართულ ოცნებას მისცა. ორივე ეს ქმედება კანონდარღვევაა, კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 პუნქტის და 2 000-ლარიან სანქციას ითვალისწინებს.

"ტრადიციულად მე ჩემს საარჩევნო უბანზე მოვედი, ვცდილობ მოვიდე პირველი და დღესაც ვიყავი პირველი. არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვართ, ოთხი წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით", — განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე On.ge-სთან აცხადებს, რომ კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკიანი პირბადით მისვლა ადმინისტრაციული სამართალდაღვევაა.

"როგორც მედიის გავცელებულ კადრებში და ფოტომასალაში ჩანს, კახა კუჭავა იმყოფება ქართული ოცნების სიმბოლიკიანი ნიღბით, სადაც ჩანს ლოგო და პარტიის ნომერი, 41, რაც წარმოადგენს აგიტაციიას კენჭისყრის დღეს კენჭისყრის უბანზე. საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს სანქციას, ეს წარმოადგენს საარჩევნო, ადმინისტრაციულ სამართალრღვევას და ისჯება 2000 ლარით. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საოლქო საარჩევნო კომისიას ამ ფაქტზე", — აცხადებს ქურდოვანიძე და ამატებს, რომ ვერ იხსენებს ფაქტს, როცა დეპუტატს ან პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო უბანზე ნომრიანი ატრიბუტი ეტარებინოს.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.