პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ წალენჯიხაში, საჩინოს საარჩევნო უბანი დაიხურა. მისი თქმით, ამ უბანზე დიდი ალბათობით ლელოს კანდიდატი იმარჯვებს და უბნის დახურვის ფაქტი მათთვის არის აბსოლუტურად "მიუღებელი, დაუშვებელი". ისინი მოითხოვენ რეაგირებას.

"სამწუხაროდ გვაქვს დარღვევები პრაქტიკულად ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხორციელდება ამომრჩევლებზე ზეწოლა, ამაში არიან ჩართული ოცნების აქტივისტები, ვნახეთ სატელევიზიო კადრები, რომლებიც ამას ადასტურებს. არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. მაგალითად ვაკეში კუთვნილი ბიულეტენით გავიდა ადამიანი და სხვა უბანში გამოიყენა ეს ბიულეტენები ხმის მისაცემად. არანაირი რეაგირება არ ხდება კომისიის თავმჯდომარეებისგან ფოტო და ვიდეოგადაღებაზე, რაც კანონის დარღვევაა", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მან ლელოს მიერ აღმოჩენილ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჩივრები იწერება ყველგან, სადაც იყო დარღვევები.

"სამწუხაროა, რომ შსს არ ახდენს სათანადო რეაგირებას და სტატისტის როლში გვევლინება, როცა ხდება კონფლიქტური ვითარება ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე", — ამბობს ჯაფარიძე და ამატებს — "გვაქვს დარღვევების მთელი თაიგული, თუმცა არცერთი ფაქტი არ რჩება ყურადღების გარეშე".

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებს და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.