მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-ის ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემებით, მმართველი გუნდი თბილისში 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს. ეგზიტპოლების შედეგები დედაქალაქში პარტიებზე ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 38,6%;
  • ნაციონალური მოძრაობა — 33%;
  • საქართველოსთვის — 7,6%;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება — 4,8%.
  • ლელო — 4%;
  • ხალხისთვის — 2%;
  • გირჩი — 1,6%;
  • მოქალაქეები — 1,1%;
  • ევროპული საქართველო — 1,0%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1,0%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 0,9%;
  • მესამე ძალა — 0,8%.

რაც შეეხება კანდიდატებს, ეგზიტპოლის მიხედვით, აქ ნიკა მელია ლიდერობს და თბილისში მეორე ტური დაინიშნება.

  • ნიკა მელია — 40,8%;
  • კახა კალაძე — 40,2%;
  • გიორგი გახარია — 8,7%;
  • ანა დოლიძე — 3,5%;
  • ანა ბიბილაშვილი — 2,6%.

მთავარი არხის ინფორმაციით, 5 საათის მონაცემებით, თბილისში გამოიკითხა 2 500 ადამიანი. მათი განცხადებით, ცდომილების ზღვარი არის +- 3%. რესპონდენტები შეირჩეოდნენ შემთხვევითობის პრინციპით, ეს იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. კერძოდ, არხის ცნობით, უბნებიდან გამოსულ ადამიანებს უსვამდნენ კითხვას, ვის მისცეს მათ ხმა.

არხზე განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეგზიტპოლები არ ჩატარებულა და იხელმძღვანელეს თბილისის მონაცემებით.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებს და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.