პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ის, რასაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს, არის ფსკერი და "ვითომ ძალის დემონსტრირება". მისივე თქმით, პრემიერი თავს იმცირებს.

"ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით, ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი. სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება. მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს, მოგერევითო, ეგაა ზუსტად", — წერს ხოშტარია Facebook გვერდზე.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში.

არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან კდევ ორი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას. ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში არ შემოსულა და კვლავ უკრაინაში იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.