პარტია საქართველოსთვის ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სამმხრივი მოლაპარაკებების ღია ფორმატს სთავაზობს. გიორგი გახარიას მტკიცებით, მმართველი პარტია და ენმ ფარული მოლაპარაკებებით ცდილობენ შეთანხმების მიღწევას, "იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტეს საკრებულო".

გახარიას თქმით, მზად არიან ნებისმიერი პარტიის ნებისმიერ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, თუ ისინი შეთავაზებულ ღია ფორმატში შეირჩევიან.

"ჩვენ ვთავაზობთ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების, საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში", — განაცხადა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ისაა, რომ მუნიციპალურ დონეზე კრიზისი არ შეიქმნას და ქალაქებმა და საკრებულოებმა იფუნქციონიროს.

"ეს ქმედებები მიზანმიმართულად და მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში, მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთის არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა, ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას", — ამბობს ის.

ცესკოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გახარიას პარტიას პროპორციული ხმების 7,8% მიიღო და ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება პარტიის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, მან ხმების 9.35% აიღო და მერობის კანდიდატებს შორის მესამე ადგილზე გავიდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.