შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

"პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, ავტოკიბეა მობილიზებული, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ დროისთვის აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

"შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები", — ამბობენ უწყებაში.