ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან რამდენიმე თვის ბავშვიც გამოიყვანეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ჩვილი ბათუმის იაშვილის კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ.

რამდენიმე წუთის წინ კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ხუთ წლამდე ბავშვიც ამოიყვანეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

განახლება: მოგვიანებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ ბავშვი წლის და 3 თვისაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა დედა და კიდევ ერთი ბავშვი, რომლებიც არ დაშავებულან, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ორივე ბავშვი გადაიყვანა, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია ორი ბავშვის დაშავების შესახებ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.