აჭარის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევის ადგილას, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამოინგრა, მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. მისივე თქმით, ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, მათ შორის ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც დაშავებულების აღმოჩენის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

"მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების, მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა ამ ინტენსიური სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში და მათი ევაკუაცია უსაფრთხოდ. დაშავებულთა რაოდენობაზე ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. როცა ამის საშუალება მოგვეცემა, ჩვენ აუცილებლად დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები", — ამბობს აჭარის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.

შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და ამ დროისთვის აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.