რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არც მათი პარტია შეუერთდება. თუმცა, სამნიძის თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებს.

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს, პრემიერმინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ მის მხარდამჭერებს. რესპუბლიკური პარტია 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება", — ამბობს ხათუნა სამნიძე.

ევროპული საქართველო, გირჩი — მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო და სხვები ასევე არ უერთდებიან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას. დროას წევრები კი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ, თუმცა აქციას უერთდება პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს აქციას გეგმავს. როგორც პარტიაში ამბობენ, აქციაზე ხალხი რეგიონებიდანაც ჩამოვა.