თბილისში წამოსულ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით ხვდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ვიდეოებში ჩანს, რომ მობილიზებული პირები ცოცხებს მანქანებს ესვრიან და ოპოზიციურ პარტიას აგინებენ.

ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდიდან წამოსულებს 30-მდე კაცმა სამტრედიასთან გზა გადაუკეტა. მისი თქმით, შეკრებილ პირებს შორის საკრებულოს წევრებიც იყვნენ. როგორც წითლიძემ On.ge-ს განუცხადა, ამ დროისთვის გზა გაიხსნა და კოლონები უკვე დაიძრნენ თბილისისკენ.

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძეც ამბობს, რომ გზის გადაკეტვას მათთვისაც გეგმავდნენ, თუმცა სხვა მიმართულებით წამოვიდნენ. მისი თქმით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით დაურიგეს ცოცხები და დააყენეს გზაზე.

"მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლია. ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან", — წერს დეკანოიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 14 ოქტომბერს 6 საათზე აქციას მართავს.