ჩვენი მზის ზომის ვარსკვლავის დასასრული თეთრი ჯუჯად ქცევაა. მას შემდეგ რაც ვარსკვლავი "საწვავს" ამოწურავს, ის ნელ-ნელა კარგავს გარე ფენებს, სანამ საბოლოოდ მხოლოდ ვარსკვლავური ბირთვი არ დარჩება. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ვარსკვლავის უახლოესი პლანეტების განადგურებას გამოიწვევს, მაგრამ ახლა მკვლევრებმა აღმოაჩინეს ერთი ეგზოპლანეტა, რომელიც, როგორც ჩანს, თავისი ვარსკვლავის სიკვდილს ძირითადად უვნებლად გადაურჩა.

ასტრონომთა საერთაშორისო გუნდი ამ აღმოჩენას ჟურნალ Nature-ში იუწყება. მათი თქმით, პლანეტა ბრუნავს თეთრი ჯუჯის გარშემო, რომელიც ჩვენი მზის მასის დაახლოებით 53 პროცენტს შეადგენს. თავად პლანეტა იუპიტერის მასაზე დაახლოებით 1.4-ჯერ მეტია და ის მდებარეობს მისი ვარსკვლავიდან 420 მილიონ კილომეტრში. მზის სისტემას რომ შევადაროთ, ეს არის მანძილი მზესა და ჯუჯა პლანეტა ცერერას შორის, რომელიც ასტეროიდების სარტყელის უდიდესი ობიექტია.

მეცნიერებს აქამდე ისეთი პლანეტებიც დაუფიქსირებიათ, რომლებიც სუპერნოვებს გადაურჩნენ, თუმცა, ასე უვნებლად გადარჩენილი ეგზოპლანეტა არ ჰქონდათ აღმოჩენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლანეტა თავის ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს იყო და ის მაინც უვნებელი დარჩა.

იმის გათვალისწინებით, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის ვარსკვლავების 97 პროცენტი ამ გზას დაადგება (თუმცა ზოგი მილიარდობით წლის შემდეგ), მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა ბედი ეწევათ მათ პლანეტებს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თეთრი ჯუჯების ნახევარს შემორჩენილი ჰყავს იუპიტერის ზომის თანამგზავრები — და ეს კონკრეტული აღმოჩენა ამას პირველად ადასტურებს.

პლანეტა აღმოაჩინეს ტექნიკის წყალობით, რომელსაც მიკროლინზირება ეწოდება. დაფიქსირებული ეგზოპლანეტის გრავიტაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ მისი მასპინძელი ვარსკვლავის შუქზე გავლენა ექონია — როგორც შუშის ობიექტივი, რომელიც ამრუდებს სანთლის გამოსახულებას და სიკაშკაშეს. როდესაც პლანეტა მოძრაობს თეთრი ჯუჯის ირგვლივ, ვარსკვლავის ნარჩენის შუქი იცვლება, რაც ასტრონომებს ეგზოპლანეტის დაფიქსირების საშუალებას აძლევს.

მეცნიერების თქმით, ეს პლანეტარული სისტემა მდებარეობს 6500 სინათლის წლის მანძილზე ირმის ნახტომის ცენტრისკენ. კონკრეტული პლანეტარული სისტემა რაღაცით მზის სისტემის მომავალს გვაგონებს — როდესაც მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა, მოსალოდნელია, რომ მერკური და ვენერა განადგურდება, დედამიწასა და მარსსაც კი შესაძლოა გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდეთ, თუმცა, იუპიტერი უვნებელი დარჩება, თუნდაც მზე თეთრ ჯუჯად იქცეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.