საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აგზავნის და საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს. ის ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

"კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციებს ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე", — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა.

გაიგე მეტი: