ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ მალე ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მიღების კრიტიკულ ზღვარს მალე მიაღწევს. ის აცხადებს, რომ მე-5 ტალღის დროს შესაძლოა ისევ დადგეს დღის წესრიგში საწოლების მობილიზებისა და საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი.

"ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა, ჩვენ ვხედავთ რამდენია აქტიური შემთხვევის რაოდენობა — 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც, პრაქტიკულად, ძალიან გართულდება ისევ ახალი პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, არის ლიმიტირებული.

უსასრულოდ არ შეუძლია ქვეყანას ახალი პაციენტები მიიღოს. ამისთვის, საველე ჰოსპიტალია. საველე ჰოსპიტალში, ჩვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და აი, სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები, რომლებიც ერთმანეთს გადაებმის ხოლმე, ქმნის იმ სირთულეს, რაც ამ ახალ და ზოგადად, ტალღებთან არის დაკავშირებული", — განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ კორონავირუსის მე-5 ტალღის დროს ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ეს გასული, მე-4 ტალღის დროს, აგვისტოში იყო.

დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე დაიწყო კორონავირუსის მე-5 ტალღა. გამყრელიძეც, კულუმბეგოვის მსგავსად, ვარაუდობს, რომ წინ რთული ნოემბერი გველის. სპეციალისტები გამოსავლად ვაქცინაციას გვთავაზობენ.

გაიგე მეტი: