ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მეტი სიმყარისთვისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭიროა შეახსენონ საზოგადოებას, ვინ დგას მათ კონკურენტად. ასე ხსნის მდინარაძე არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სახელწოდებით "დავასრულოთ ნაცები".

"უფრო მეტი სიმყარისათვის და რისკების მინიმუმამდე დაყვანისათვის საჭიროა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ვინ დგას ჩვენს კონკურენტად, ვინ არის მეორე მხარეს. ხალხი, რომელიც დღეს ბედავს, რომ აქეთ შემოტევაზე გადმოვიდეს და მაგალითად, ისეთი ჯალათის და ჯალათობრივი რეჟიმის ლიდერის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, გათავისუფლებაც კი მოითხოვოს", — აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა გამორიცხონ რისკი იმისა, რომ ერთ მუნიციპალიტეტშიც მოიგებს ოპოზიციის წარმომადგენელი მეორე ტურს, რადგან ამ შემთხვევაში იქ "რევოლუციურ შტაბს" მოაწყობენ.

"ჩვენ ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის, ჩვენ უნდა გამოვრციხოთ მაქსიმალურად რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს რამე წარმატებას, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება რაღაც რევოლუციური შტაბი და ისინი ამ ერთი გამარჯვებით, ასეთი არ უნდა დავუშვათ, მაგრამ ჰიპოთეტურად, პირობითად ვამბობ, ისინი მოაწყობენ რაღაც რევოლუციურ მუნიციპალიტეტს და არ იქნება ეს საქმეზე ორიენტირებული", — აღნიშნავს მდინარაძე.

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მმართველმა გუნდმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეო გამოაქვეყნა. მათ ოფიციალურ, ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეორგოლში გამოყენებულია ის კადრები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ტროლ-გვერდები ენმ-ის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ კლიპს დავასრულოთ ნაცები დაარქვა და და #ნაცობასირხვილია დააჰეშთეგა.

30 ოქტობერს 20 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.