სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმი თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფება. ასე ეხმაურება უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მობილიზაციის შესახებ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც, ასევე, უარყოფენ სპეცრაზმის მობილიზებას.

სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაცია გუშინ, გვიან ღამითაც ვრცელდებოდა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება ზუგდიდსა და თბილისში დაკავებებს გეგმავს. მისი თქმით, ამის შესახებ ქვეყანაში აკრედიტირებულ ყველა წამყვან ელჩს აცნობეს.