სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, სახალხო დამცველის განცხადებაში უზუსტობა არ არის, რადგან, გუშინ, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ. მისივე თქით, რეანიმატოლოგი გუშინ დანიშნეს, რაც, მისი შეფასებით, მისასალმებელია.

"როდესაც გუშინ ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგის ვიზიტი, არც ამ დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, არც თავად მთავარმა ექიმმა, არც მკურნალმა ექიმებმა და არც სხვა არავინ არ იცოდა, რომ დაწესებულებას ჰყავდა რეანიმატოლოგი. საღამოს თუ დღეს გაირკვა, რომ რეანიმატოლოგი დანიშნული იქნა გუშინ, რაც მისასალმებელია, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პატიმართან, არამედ ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებით. [...] უზუსტობა სახალხო დამცველის განცხადებაში კი არ არის, უზუსტობა არის ის, რომ როდესაც გუშინ არ ჰქონდათ და დანიშნეს სპეციფიკურად ამის გამო, დღეს სახალხო დამცველს ადანაშაულებ გარკვეულწილად", — თქვა ბურჯანაძემ.

გუშინ, 24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შემდეგ გასცა დასკვნა, რომლის მიხედვით დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

"დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს", — წერია დასკვნაში.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კი დღეს თქვა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა. მისი თქმით, ექიმ-რეანიმატოლოგი ამჟამად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში.