დაპირისპირება იყო ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, აქტივისტი, გიორგი მუმლაძე გაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, დაკავებულია 5 პირი ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 4 ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 1 ქართული ოცნების წარმომადგენელია.

მანამდე მუმლაძე მედიასთან კომენტარში აცხადებდა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც საარჩევნო სიებთან და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო, რის შემდეგაც მათ დამკვირვებელს დაარტყეს. მუმლაძის თქმითვე, ადგილზე მობილიზებული კოორდინატორები მას ეუბნებოდნენ, რომ ქალაქში ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან ზუგდიდელი არ არის. ამასთან, მისი განცხადებით, სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან, მამუკა წოწერიასთანაც.

ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მეოცე საარჩევნო უბანზე მოძრაობა საქართველოს დამკვირვებელს, ბექა პაპაშვილს დაარტყეს. როგორც ენმ-ს წევრმა ნიკა დარსიამ თქვა, უბნის გარეთ სიებით იდგნენ ადამიანები და როცა კითხეს რა სიები იყო, სწორედ მაშინ დაიწყო დაპირისპირება.