ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები - პასუხები ძირითად კითხვებზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

რეალურად რა წამოიღო საქართველომ და მსოფლიომ ნატოს ვარშავის სამიტიდან, სჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას მაპი და რას ფიქრობენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ალიანსის გზავნილებზე. On.ge შეეცადა ღონისძიების ფარგლებში განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და გადაწყვეტილებების ერთად თავმოყრასა და გაანალიზებას.

8-9 ივლისს ვარშავაში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და რომლიდანაც, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი დელეგაცია “უფრო მეტად დაცული საქართველოთი” დაბრუნდა.

სამიტამდე ცნობილი იყო, რომ ვარშავაში საქართველო მაპს - ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას არ მიიღებდა და არც ელოდა, ნატოს მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გადადგმულ შესაძლო ნაბიჯებზე კი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ.

რა მიაჩნია ნატოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად?

139-პუნქტიანი კომუნიკეს სულ რამდენიმე გვერდის წაკითხვაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, ნატოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხე და მის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა.

დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, მის მიერ ამ ქვეყნების ტერიტორიების ანექსია, რუსეთის ქმედებები სირიის კრიზისის ფარგლებში, ბალტიის, შავ, ჩრდილოატლანტიკურ და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში და სხვა.

მეორე მთავარ საფრთხედ ალიანსი ტერორიზმს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ISIS-ის მიერ მოწყობილმა ტერაქტებმა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებშიც, უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

ნატო ასევე ყურადღებას ამახვილებს მიგრანტების კრიზისსა და ლტოლვილების ნაკადზე, სირიაში ბაშარ ალ-ასადის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე, ერაყის მიერ აისისისთვის ტერიტორიების წასართმევად გატარებულ ღონისძიებებზე, კონტრაბანდასთან და მეკობრეებთან ბრძოლასა და სხვ.

რა წერია ნატოს კომუნიკეში უკრაინასა და რუსეთზე?

ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის ანექსია, ქვეყნის სუვერენული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით დაპყრობა, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია, ნატოს საზღვრებთან პროვოკაციული სამხედრო ქმედებები, მათ შორის ბალტიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში.

ნატო გმობს რუსეთის მიერ უპასუხისმგებლო აგრესიულ რიტორიკას ბირთვულ სფეროში, მის მიერ სირიის კრიზისში სამხედრო ჩართულობასა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის მხარდაჭერას.

ალიანსი გმობს რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში, სადაც რუსეთის მიერ პროვოცირებულმა საომარმა მოქმედებებმა 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა:

"აუცილებელია, შესრულდეს მინსკის შეთანხმება. მოვუწოდებთ მოლაპარაკებაზე ხელისმომწერ ყველა მხარეს, შეასრულოს მის მიერ აღებული პასუხისმგებლობები”.

რა გადაწყვეტილება მიიღო ალიანსმა რუსეთთან დაკავშირებით?

2014 წლის ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, ალიანსმა გადაწყვიტა, რომ 2017 წლის იანვრიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში სამხედრო დანაყოფები განალაგოს: შეიქმნება 4 ბატალიონი, რომელიც საერთო ჯამში 3 ათასიდან 4 ათასამდე სამხედრო პირით იქნება წარმოდგენილი და რომელსაც ესტონეთში - დიდი ბრიტანეთი, პოლონეთში - აშშ, ლატვიაში - კანადა, ლიტვაში კი გერმანია - უხელმძღვანელებს.

ალიანსის ლიდერებმა მიიღეს კომპლექსური პაკეტი, რომელიც მიზნად უკრაინის ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს. პაკეტი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

სამხედრო წვრთნებისათვის მხოლოდ აშშ-სგან უკრაინა $500 მილიონს მიიღებს. ამასთან, ნატო უკრაინაში თავის წარმომადგენლობასაც გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ალიანსმა შეწყვიტა სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან, თუმცა მაინც დარჩა ღია პოლიტიკური, კონსტრუქციული დიალოგისთვის.

რა წერია კომუნიკეში საქართველოზე?

ალიანსი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება და საზღვრების აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვა.

ნატო ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, ევროკავშირთან და გაეროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას საერთშორისო დონეზე აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, შოთა ღვინერიამ On.ge-ს აუხსნა, მიუხედავად ნატოს მიერ ზემოაღნიშნული პრობლემების აღიარებისა და საქართველოს მხარდაჭერისა, ზოგადად ალიანსის კომპეტენციაში კონფლიქტების მოგვარება სულაც არ შედის და აქედან გამომდინარე, ნატოს ერთადერთი, რაც ამ კუთხით შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ მყარად დაუჭიროს მხარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთთან დიალოგში მუდმივად ახსენებდეს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერ განხორციელებული ოკუპაცია არის მიუღებელი, ამას ნატო არასდროს შეეგუება და მუდმივად მოუწოდოს დეოკუპაციისა და ჯარების გაყვანისკენ.

რა გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსმა საქართველოსთან დაკავშირებით?

როგორც ღვინერიამ განგვიმარტა, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად ნატომ გადაწყვიტა, საზღვაო უსაფრთხოების, თავდაცვის, სპეციალური დანიშნულების, ავიაციისა და ქართული ჯარის განვითარებისათვის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელება.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს გულისხმობს და გადაწყდა, რომ ამ პროექტში უფრო მეტი ნატოს წევრი ქვეყანა ჩაერთვება და შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გასაუმჯობესებლად უფრო მეტი რესურსიც გამოიყოფა.

ღვინერიას თქმით, სულ 13 პროექტი ამოქმედდება, რომელშიც ნატოს 28 ქვეყნიდან 24 მიიღებს მონაწილეობას და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თანხის დასახელება, თუ რამდენს დახარჯავს ნატო ამ პროექტებზე რთული იქნება, მთავარი ისაა, რომ ნატომ აიღო ვალდებულება, ამ პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების მოძიებაზე:

"თითოეულ პროექტს ჰყავს ხელმძღვანელი ქვეყანა და კონტრიბუტორი - დამხმარე ქვეყანა. ეს გრძელვადიანი პროცესებია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ შედეგებსაც გრძელვადიან პერიოდში ველოდებით. უკვე დაწყებულია მუშაობა და საფეხურების მიხედვით მივდივართ".

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ალიანსმა გადაწყვიტა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად მის მიერ განხორციელებული ქმედებები საქართველოზე გავრცელდება კიდეც და ჩვენი ქვეყანა მონაწილეობასაც მიიღებს მათ განხორციელებაში:

"თუმცა, ის კონკრეტული ღონისძიებები, რითაც ალიანსმა უნდა უზრუნველყოს შავი ზღვის უსაფრთხოება, არ არის შეთანხმებული, შეთანხმების პროცესშია. თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ის, რაზეც შეთანხმდებიან, იმის ნაწილი ვიქნებით".

როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში და სჭირდება თუ არა მას ამ ეტაპზე მაპი?

On.ge-ს შეკითხვას, დაახლოებით მაინც თუ შეიძლება იმაზე საუბარი, როდისთვის უნდა ელოდოს საქართველო ნატოში გაწევრიანებას, ღვინერიამ უპასუხა, რომ აღნიშნულის შესახებ პასუხის გაცემა არავის შეუძლია. მან აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო კონტექსტზე, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაზეა დამოკიდებული:

"ეს არ უნდა იყოს ჩვენი ფოკუსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითონ გაწევრიანების პროცესი, რადგან სწორედ ამ პროცესში საქართველო ძალიან ბევრ სარგებელს იღებს და ძლიერდება".

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მაპი აუცილებლად სჭირდება, ხოლო ზოგიერთი საერთოდ ამბობს, რომ ნატო მაპის მოცემისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ რუსეთის გაღიზიანება არ სურს, ღვინერიამ განგვიმარტა, რომ მაპმა საქართველოსთვის ყველანაირი პრაქტიკული დანიშნულება დაკარგა, რადგან გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ წევრობისთვის მოვემზადოთ:

"მაპი გახდა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, როცა უკვე 28 სახელმწიფო შეთანხმდება, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაშინ მათ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად იქნება მაპიც. ეს იქნება უკვე ფორმალობა და არა პრაქტიკული მექანიზმი, რომლითაც აქამდე ასპირანტი ქვეყნები გაწევრიანების პროცესში სარგებლობდნენ".

ნატოს კომუნიკეში კი აღნიშნულია, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რომ საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი.

რას ამბობს ოპოზიცია ნატოს სამიტის შედეგებზე?

მოძრაობის - სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენელი, გიორგი რუხაძე ამბობს, ნატოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, თუმცა, ვარშავაში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კუთხით წინსვლა არ დაფიქსირებულა:

"სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ვარშავის სამიტი იყო მოლოდინებისგან ყველაზე დაცლილი სამიტი 2006 წლის შემდეგ იმიტომ, რომ ყველა სამიტზე საქართველო უფრო აქტიურად ელოდა კონკრეტულ მიღწევებს და შედეგებს. აქ რეალურად საქართველო აღარაფერს ელოდა, გარდა უბრალოდ პოზიტიური გზავნილებისა".

ის განმარტავს, რომ აღნიშნულში რუსეთისა და სკეპტიკური ქვეყნების ფაქტორი თავისთავად მოქმედებს, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის შედეგი იმისა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია სტრატეგია, რისი მიღწევა სურდა მას ალიანსთან მიმართებით:

"არსებობდა ძველი სტრატეგია, რომელიც დღეს უკვე მოძველებულია, ამ ხელისუფლებას, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, ახალი სტრატეგია არ შეუმუშავებია. რეალურად პოლიტიკა იყო ცალმხრივი ეს იყო ნატო საქართველოს მიმართულებით და არა - პირიქით. "

ენმ-ს წევრი, გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, საქართველოს წინაშე იშლება ისტორიული შესაძლებლობა, რომ მიაღწიოს იმ სტრატეგიულ ისტორიულ მიზნებს, რისკენაც ქვეყანა 1991-1992 წლებიდან ისწრაფვის:

"ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნატოში, ევროკავშირსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ინსტიტუტებში, იმ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია, რომელსაც ჩვენ მოვწყდით საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის გამო. ამ მიზნების მიღწევა ნელ-ნელა ხდება რეალური. თუ საქართველოს ეყოლება ქართული ოცნების სახით ხელისუფლება, თუ საქართველოს სათავეში კვლავ იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმეორებს, რომ უნდა ნატო და ევროკავშირი, მაშინ საქართველო ამ შესაძლებლობას გაანიავებს".

რას ამბობს რუსეთი?

ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ რუსეთი განმარტავს, რომ ალიანსი განაგრძობს საბრძოლო-პოლიტიკურ რეჟიმში არსებობას, საუბრობს აღმოსავლეთიდან მომდინარე იმ საფრთხეზე, რომელიც არ არსებობს და ახდენს რუსეთის დემონიზაციას:

"სამხრეთიდან მომდინარე უპრეცედენტო მასშტაბების ტერორისტული საშიშროებების ფონზე, ნატოს ფლანგების ქმედებები ადასტურებს, რომ ალიანსს ყურადღება მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე არ აქვს კონცენტრირებული".

რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო არა თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად, არამედ მშვიდობის შენარჩუნების ობიექტური ინტერესებისა და ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ამ პროცესში ყველა საერთაშორისო მოთამაშის ჩართვის საწინააღდმეგოდ მოქმედებს.

რუსეთი აფრთხილებს ნატოს, რომ შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო აქტივობამ შესაძლოა ნეგატიური შედეგი გამოიღოს. მოსკოვში აცხადებენ, რომ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის საპასუხოდ რუსეთიც გაზრდის თავის საზღვაო დაჯგუფებას აღნიშნულ რეგიონში იმისთვის, რომ ბალანსი შენარჩუნდეს.

რას ამბობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები?

Reuters აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ნატოსკენ სწრაფვაში პროგრესის ნაკლებობამ შესაძლოა საქართველო რუსეთისკენ მიაბრუნოს".

ნატოს ე.წ. ოპონენტები ამბობენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაპს არ გვაძლევს არა იმ მიზეზით, რაზეც ხელისუფლება აპელირებს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის გაღიზიანების საფრთხეს ხედავს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სურთ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 2013 წლის აგვისტოდან (11%) 2016 წლის მარტისთვის (20%) საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც როიტერსი აღნიშნავს, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს 2016 წლის არჩვენების შედეგად აქვთ შანსი, პარლამენტში ადგილები მოიპოვონ. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პრორუსულმა პარტიებმა, პატრიოტთა ალიანსმა და დემოკრატიულმა მოძრაობამ, პროპორციული ხმების 20% მოიპოვა.

როიტერსი ნინო ბურჯანაძეს ნატოს მოწინააღმდეგე პოლიტიკოსად მოიხსენებს და ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების დროში გაჭიანურებამ მისი მხარდამჭერების გაზრდა გამოიწვია.

რა გადაწყვეტილება მიიღო ნატომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით?

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ტერორიზმთან დაკავშირებული შეხვედრები დახურულ ფორმატში იმართებოდა და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული რიგი გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი არ არის, მთავარი გადაწყვეტილება, რაც ნატომ ამ კუთხით მიიღო არის ის, რომ ალიანსის პარტნიორი და არაწევრი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, უფრო აქტიურად ჩართოს ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში.

ამასთან, სავარაუდოდ უკვე შემდეგი წლიდან, ნატო სირიასა და ერაყის მიმდებარედ სადაზვერვო თვითმფრინავებს გაუშვებს. ალიანსი ასევე დააბრუნებს სამხედრო ინსტრუქტორებს ერაყში.

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს ანტიტერორისტული მისია - Active Endeavour გარდაიქმნება მისია Sea Guardian-ად, რომელსაც უკეთესი სადაზვერვო ფუნქცია ექნება.

სხვა რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსმა ვარშავაში?

  • 2018-2020 წლებში ნატო ავღანურ თავდაცვას მილიარდი დოლარით უზრუნველყოფს. ალიანსის ქვეყნების მიერ ავღანეთში მყოფი სამხედროები კი იქ 2016 წლის შემდეგაც დარჩებიან იმისთვის, რომ ადგილობრივი სამხედროები გაწვრთნან.
  • ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატი 2016 წლამდე გაგრძელდება, რომელშიც ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ქართველი ჯარისკაცებიც განაგრძობენ მონაწილეობის მიღებას.
  • ნატო გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველო და უკრაინა.
  • ნატომ გადაწყვიტა ევროპა აშშ-ს ანტისარაკეტო მექანიზმით უზრუნველყოს იმისთვის, რომ რეგიონი ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცული იყოს.
  • კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით, ნატო ლიბიის სანაპიროზე მყოფ ევროკავშირის სამხედრო მისიას დაეხმარება. ალიანსმა აიღო პასუხისმგებლობა ხომალდებით, სამეთვალყურეო თვითმფრინავებითა და რადარებით უზრუნველყოფის შესახებ .
  • ნატომ შეიმუშავა ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის მექანიზმი ფინეთსა და შვეიცარიასთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოება.
  • ალიანსი გააძლიერებს კიბერ თავდასხმებისგან თავისი წევრების დაცვას.
  • ნატო განაგრძობს მეკობრეებთან საბრძოლველ მისიაში მონაწილეობის მიღებას სომალიში.
  • ნატო განაგრძობს გაფართოებას - ღია კარის პოლიტიკას.

ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მბულზე, ხოლო ვარშავაში მიღებულ კომუნიკეს აქ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ