ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის დასრულებით ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი დასრულდა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურში ყველაფერი წააგო.

"დღეს დამთავრდა საუბარი ნაცმოძრაობაზე, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ა.შ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის", — აცხადებს კობახიძე.

პარტიის თავმჯდომარემ ქართული ოცნების გამარჯვება ოპოზიციურ ტელევიზიებს მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება მათაც სჭირდებათ, რის გამოც, ეს მათი გამარჯვებაცაა.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. ამ კვლევის მიხედვით თბილისში ნიკა მელიამ 51% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ კი — 49%. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ. იმედის ეგზიტპოლით თბილისში კახა კალაძემ აიღო 57,2%, ხოლო ნიკა მელიამ — 42,8%.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: