ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.

"არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის დათვლის პროცესი ზოგადად, დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.

მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი", — განაცხადა მან ანგარიშის წარდგენისას [სინქრონული თარგმანი].

ეუთო/ოდირის შეფასებით, ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათი განცხადებით, მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.

"კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას", — აღნიშნენს პრესკონფერენციაზე [სინქრონული თარგმანი].

გარდა ამისა, ეუთო/ოდირის სამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა არჩევნების დღემდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში. მისი თქმით, აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, როემლიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო.

"მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით ერთმანეთის "დამთავრებასთან" დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებში", — აცხადებს ის [სინქრონული თარგმანი].

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: