ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დელეგაციის დაკვირვებით, ადგილი ჰქონდა ძალადობას, ძალაუფლების არასათანადო გამოყენებას და დაშინებას ძირითადად ოპოზიციის მისამართით.

"მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ძალაუფლების არასათანადო გამოყენებასთან, დაშინებასთან, წამაქეზებლ სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით ძირითადად ოპოზიციის მიმართ", — განაცხადა ვაიდერმა [სინქრონული თარგმანი].

დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ზუგდიდში მომხდარ დარღვევებზეც. მისი თქმით, ადგილობრივებმა მათ დამკვირვებლებს ინფორმაცია მიაწოდეს მოსყიდვის ფაქტების შესახებაც.

"ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობები საარჩევნო უბნების მახლობლად. ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს ფაქტები. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას. ასევე, ადგილობრივებმა მოგვახსენეს მოსყიდვის ფაქტების შესახებაც", — განაცხადა ვაიდერმა [სინქრონული თარგმანი].

ამასთანავე, ინასე ვაიდერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ უბანზე სივრცე არ იძლეოდა კოვიდრეგულაციების დაცვის შესაძლებლობას. საბოლოოდ, დელეგაციის ხელმძღვანელმა კვლავ ხაზი გაუსვა ქვეყნის პოლარიზაციას და თქვა, რომ ეს ხელს უშლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას.

"კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა გაყოფას და ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე. ეკონომიკური ძალაუფლება გარკვეულ ხელებშია კონცენტრირებული", — განაცხადა ინასე ვაიდერმა [სინქრონული თარგმანი].

ეუთო/ოდირი, რომლის დასკვნებსა და მოსაზრებებსაც სრულად იზიარებს ევროპარლამენტი, არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ანგარიშს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.