ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, პირველ ნოემბერს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. კალანდარიშვილის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიები კანონმდებლობის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 11:00 საათზე წილისყრით ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს გამოავლენენ, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

"საარჩევნო რეფორმების საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე გვაჩვენა, რომ აღნიშნულმა პროცესის გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. შესაბამისად, მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი გამოავლინონ და გადათვალონ", — განაცხადა ბრიფინგზე კალანდარაშვილმა.

მან, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდა გამჭვირვალობის მიზნით კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ უფლებამოსილი პირების საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება უზრუნველყონ.

"ხვალვე გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტინების გადათვლა, უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლია დაესწრონ და დააკვირდნენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები", — თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მოერე ტურის მონაცემების მიხედვით ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელია დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტინების საშუალო მაჩვენებლისგან.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს "გაუქმებული" უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და "ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში".